დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკებიდედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
მაგნა კარტათავისუფლების დიდი ქარტია, ასევე მაგნა კარტა (ლათ.Magna Carta Libertatum) გამოიცა ინგლისში1215 წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. თავისუფლების დიდი ქარტია თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე იოანე უმიწაწყლოს და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით.